დევიზი

ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი./ილია ჭავჭავაძე/

среда, 10 октября 2012 г.


ფოთლები
("ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს")

შენს ათრთოლებულ რძიან კლერტოებში მინდა დავიბადო,
რომ მერე ხასხასა სიმწვანით დავფარო
სქესის გიჟური ვნებით აღტკინებული ურცხვობა შენი
ისუნთქო ჩემით.
ჩემს სხეულში დაგუბდეს შენი ძუძუების სავსე კვირტებიდან
თავშეუკავებლად გადმოდენილი სიმწვანე.
მე უნდა ვატარო ჩემს სხეულში შენი ვნების სინესტე,
რომ მერე მზის სხივების თითების ურცხვი სრესით
ზეცას გავატანო სიხასხასე ჩემი
 სქესის გიჟური ვნებით აღტკინებული სისირცხვე შენი.
 მწველი მზისა და შენი ლტოლვის ნაყოფია ჩემი ოქრო,
ქარის სევდიან, უხმო არიას რომ ააყოლებს
უმსუბუქეს და უნატიფეს მოძრაობებს უკანასკნელი ვალსისა,
რათა შენი ფესვების მიწას შესწიროს
ფარული ვნებების ყვითელი ჭურჭელი.

пятница, 5 октября 2012 г.

პოეზია

მიძღვნა

ქვირითს ვუძღვნი,
მილიარდობით ქვირითს,
თევზად გაჩენა რომ არ უწერიათ;
ყვავილებად არშემდგარ მტვერს;
ნეკნებს, იმ ერთი ნეკნის გარდა,
უსულო ჩონჩხთა უბადრუკ ნარჩენებს,
დიდი ქალაქების მდიდრულ მუზეუმებში
თვალსეირად გამოფენილთ...

გევედრები, ყოვლისგამჩენო,
სული ჩაჰბერე უღვთოდ გაწირულთ...
ბაობაბებად ააყვავე ჩემი ნეკნები,
ათასწლობით რომ მივაწოდო,
ლუკმა– ლუკმა,
საკუთარ სისხლში ჩაფურჩხნილი ჩემი სხეული
სამარადჟამოდ გამოსაკვებად.



**************************************************************************************************************************************************************


ედემის აკვნიდან

ისევ ტრიალებს გიგანტური კარუსელი
უუდიდესი ატრაქციონის
დ.ნ.მ.–ს ჯაჭვით გამობმული
ადამის პალოს.
ამოჰკორტნიან არწივები ამირანს ღვიძლს და
გოშიაც ლოკვით ჯაჭვის გალევას
ამაოდ ლამობს...

ვიყავი კაცში,
სანამ კაცი დაიშლებოდა ადამ და ევად,
ვიყავი ადამში და ვიყავი ევაში,
სანამ ადამ და ევა დაიშლებოდა
კაენად,
აბელად,
სეთად
(ვიყავი წყვილად და ვიყავი კენტად).
ვიყავი კაენშიც და
ვიყავი აბელშიც და
სეთში.
ვიყავი ნოეში, ქამში და სემში,
ვიყავი იაფეთში
(წარღვნასა და ყიამეთში,
ქარსა და ტაროსში).
ვიყავი ქართლოსში,
ვიყავი ფარნავაზში,
მანამდე აზოში.
ნაფარნავაზალი
დავითში ავზვავდი,
ბედისგან ნებიერი
თამარში ავყვავდი...

ჟამთა წყვედებაში
ვიყავი კვეთებაში,
ვკვდებოდი
და ისევ სფინქსივით ვდგებოდი.
ვიყავი რიყეზე,
ვიყავი ჭალაში,
ნაბადში,
ჩოხაში,
ჩადრში და ჩალმაში.
ვიყავი ბაბუას გაცვეთილ შინელში–
მღვრიე არაყში,
ვიყავი მამაჩემში–
დოქში და კათხაში...

და ახლა ჩემშია
მამაც და ბაბუაც,
თამარიც,
დავითიც,
ჩემშია ევაც და
ადამიც ჩემშია.
და ახლა შიში
შემომეჩვია...
ვით ქალი მელოგინე,
პირმშოს მომლოდინე,
ტკივილის
კივილით
მოველი განაჩენს.



****************************************************************************************************************************************************************



ციკლი

 ჩამოეწურა ნეკნს ჩვილი ხორცი, 
სინესტის გამო არშემდგარი ლორის ნაჭერი, 
წვეთ–წვეთად რომ ჩამოსდის ქონი. 
ტუჩებზე რძე არ შეშრობია ძუძუს ნაწველი. 
და იწყებს დენას რუდ, ნაკადულად, წყაროდ, 
ცნობისწადილად ებერება თვალის გუგები, 
ხარბი სუნთქვით ლოყები ებურცება 
ბორცვებშუა უდარდელად გადმომდინარეს. 
სულმოუთმენელს კულულებად უზვირთდება ოქროს ტალღები. 
მერე დაბლობზე გამდინარე, შეინავარდებს, 
გათამამებულს ვერ უგრძვნია შიში და ძრწოლა: 
გადაშლის უმალ კალაპოტად ქცეულ                                                                                                                       
კანონებს,წესებს,რიგს,ჩვეულებებს 
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 და მერე, სურვილგამოცლილი, დამდორებული 
აუხდენელი ოცნებების ოკეანედ დაიტბორება, 
ქვეყნის სკნელიდან 
ზეცის სკნელისკენ 
უხმოდ მზირალი. 
დაუცხრომელი, ცოდვილ სხეულს 
ცუნამებად აზიდავს მაღლა, 
ამოაყოლებს მძიმე ოხვრას 
და მსუბუქ ორთქლად ეზიარება 
ზეცის სამყოფელს. 
რათა იქიდან თეთრფრთაფარფატა თოლიებად 
კვლავ დაეფინონ, 
ხორცად შეესხან 
საუკუნებით მომლოდინე მდუმარე დევებს – 
აისბერგებად ამოშვერილ ნეკნების წყებას... 

და  ჩაიხუტებს, ვით შვილს უძღებს, 
სხეულს ადამის 
უარყოფილი მრავალგზის მამა – 
ნეკნი ადამის.


**************************************************************************************************************************************************************


გოგონა ანკესით

  გოგონა ანკესით, ხედავს ველასკესი 
                           გოგონას ცისფერი თვალებით, 
          ზღვა როა ცისფერი,ცა როა ცისფერი 
                           გოგონას თვალებით მიხვდები. 

             ხედავს ველასკესი,გოგონა ანკესით 
                                   ვერაფერს რომ ვეღარ გახდება 
                                   და თვითვე ეგება გოგონა ანკესზე 
                                   და ხდება ანკესიც ცისფერი. 

                 ახლა კი ზღვა როა,ცა როა, ისეა 
                                              გოგონას ანკესიც ცისფერი 
                                              და ვერ შეუტყვია,ისე შეიტყუა 
                                               ანკესზე ამ სქესმა ის სქესი.


******************************************************************************************************************************************************


რეკვიემი


სსსუუუ...   სულს დასჩენია ბინდისფერი გაურკვევლობა, როგორც ძველ ავეჯს მივიწყების ხავერდის მტვერი...
შრრრრ...    უცნობი შიში ათრთოლდება  შრიალის ფარდად და თითი ხაზავს ამოუცნობ ლაბირინთებს.  ლანდად კრთება გზები ნაცნობი, ასე უნდო და ასე სანდობი.
კრრრრ...    და სარკეში ირეკლება მონატრება დიდი ხნის წინათ უდარდელად უარყოფილის, რადგან ყოფილი შეგრჩენია ერთადერთ საგზლად. 
ახლა უკვე უსასრულო სასრულეთიდან კი არ გიქნევენ ხელებს, სარკის მიღმიდან თვითონვე გრძნობ ხელისგულების ოფლის სინესტეს. მერე თამამად აკრიალებ სარკის ზედაპირს გაგრილებული  ხელისგულებით. ცდილობ, ჩვილივით გულში ჩაიკრა შენივე ნამყო, თვით შენგანვე ათიათასჯერ უარყოფილი, აღარ გაშინებს რადგან უკვე განცდილის განცდა...
თითქოს გაიხსნა მეორე სუნთქვა –
სულ სხვა საზომი...
ნაღდი და სწორი.
ჭრრრრ...     და ჭრიალით გაიხსნა კარი...
მარადისობის...


*********************************************************************************************************



მილიონი წლის ემბრიონის
ქუთუთოს ფარდებს
აურეკლავს თეთრი ნათელი
უუდიდესი იმ პირველი აფეთქების,
ანტისხეულთა უმცირესი ნაწილაკების –
კადრებს ტიტრებად გაჰყოლია –
„იქმენ ნათელი“.
და თავად ტკბება ახალბედა რეჟისორი
თავის ქმნილებით.
მარჯვედ იყენებს სინათლის ეფექტს
მნათობების უჩვეულო კომპოზიციით –
შავ–თეთრ კინოს უმდიდრესით აზავებს სპექტრით...
მერე საკუთარ სულში თავისსავე ორეულს ძერწავს:
ქუთუთოს ფარდებს საზეიმოდ ჩამოხსნის სცენას...
და ბნელ დარბაზში, სულ ბოლო რიგში,
გულმოდგინედ  ღეჭავს პოპკორნს ქალ–ვაჟი .

მილიონი წლის ემბრიონი
ახლაც იმ ნათელს
ქუთუთოების ფარდებში ვხედავ.



***********************************************************************************************************


                            დღე მეექვსე
(მილიონი წლის წინ)
დრო:  დღე მეექვსე,  გარიჟრაჟი.
სამყარო:  საამქრო, ოსტატისაგან საგანგებოდ მიტოვებული.
შეგირდი:  კაცი (მამაკაცი და დედაკაცი).
ნიმუში:  ხატი, ოსტატისაგან  შეგირდისათვის საგანგებოდ დატოვებული.
საოსტატო დახელოვნების კურსები:  ზეცა – მზე, მთვარე, ვარსკვლავები.
საწყისი მასალა:  ნეკნი.
დამხმარე მასალა:  სიყვარული, სიკეთე, სიმდაბლე, ტოლერანტობა...
ანტიმასალა:  სიძულვილი, ბოროტება, მზვაობრობა, გაუტანლობა...
ელასტიურობა:  მშვიდობა.
სიმყიფე:  ომი.
ოპტიმალური მიზანი:  სიცოცხლე.
პესიმისტური შედეგი:  სიკვდილი.
(მილიონი წლის შემდეგ)
დრო:  დღე მეექვსე, შუადღე.
სამყარო:  საამქრო, ოსტატისაგან საგანგებოდ მიტოვებული.
შეგირდი:  კაცი (მამაკაცი და დედაკაცი).
ნიმუში:  ხატი, ოსტატისაგან  შეგირდისათვის საგანგებოდ დატოვებული.
საოსტატო დახელოვნების კურსები:  დედამიწა – სინაგოგა, პოგოდა, ეკლესია, მედრესე.
საწყისი მასალა:  ნეკნი.
დამხმარე მასალა:  სიყვარული, სიკეთე, სიმდაბლე, ტოლერანტობა...
ანტიმასალა:  სიძულვილი, ბოროტება, მზვაობრობა, გაუტანლობა...
ელასტიურობა:  მშვიდობა.
სიმყიფე:  ომი.
ოპტიმალური მიზანი:  სიცოცხლე.
პესიმისტური შედეგი:  სიკვდილი...
ოსტატი  ელის  –   საღამომდე ჯერ კიდევ დროა.


***************************************************************************************************************************************************************


                                        „ამოიბურცა აზრი, ვით ბედაურის ნალი,
                                                                                                       ვგრძნობ უსაშველო ტკივილს, ტკივილს ფეხმძიმე ქალის“.

და ჰკივის სული
ვით საყვირი იერიქონის,
შემზარავი იერის მქონე სახეებით
მსახიობის ძველთუძველესი,
გულისშემძვრელი ტრაგედიების,
ტრაპეციებად იკლაკნება სხეული – ჭური
და ჭურვის გასკდომის მოლოდინის შიში
ალადინის ყოვლისშემძლე ჯინის
გამოჩენის ჟინით იკვლება.
იქმნება თუმცა ეჭვი,
გულის მღრღნელი,
და შიშობ,
შენი პირმშო
არ გახდეს მსხვერპლი
შვილის მჭმელი იუპიტერის...
და ვეღარ იტან
თვითშობის ტკივილს,
და სული ჰკივის –
ვით საყვირი იერიქონის.


******************************************************************************************************************************************************************


გულუბრყვილობა, მოთამაშე ჭვავის ყანაში

და
გაჩხერილა  თვალის გუგა ჭუჭრუტანაში,
ჭვავის ყანაში მოთამაშე გულუბრყვილობის
(ბრიყვული ნდობით სამყაროს),
ვით იკაროსი ფრთებით ცვილის,
ჩვილის ჯიუტი დაჟინებით
ნებას შეცნობის შეუცნობლის
დამონებია
გულუბრყვილობა, მოთამაშე ჭვავის ყანაში,
ჭუჭრუტანაში გაჩხერილი თვალის გუგით
და...


*****************************************************************************************************************************************************************

           ***
ეძებს ბეკინა ადამის სკიპტრას,
ვერ ეგუება სამყაროს გვირგვინი
რეგალიების ხელიდან გაცლას.
წუხს გადამდგარი როსტევანი:
ვინ გაუწიოს ღირსეული მეტოქეობა?
და იმერელი ავთანდილი გაჭრილი ველად,
ზურგგადაშვლეპილ ცხენზე მჯდარი,
საგვირგვინედ შემზადებული,
სადედინაცვლოს,
ვით ბედისწერის ნაკვალევს დასდევს.


******************************************************************************************************************************************************************




რა გაუსაძლის ტკივილებს გაძელი,
ძმის სისხლი ულმობლად სერავდა მტკივან სულს?!
და, როცა ერთ ხმაში მღეროდა სპარსელი,
შვიდ ხმაში კიოდა ქართველი კრიმანჭულს.
კიოდა – სტკიოდა,                  
სტკიოდა – კიოდა;
სერავდა, სერავდა, სერავდა,
რეროვდა;
ჰოი, აბა, მღეროდა,
ჰოი, აბავ დელოვდა;
და მაინც ცდილობდა,
და მაინც დგებოდა:
–„კი, აბა, მუაო,
იაო, უაო,“
და თანაც რა დილა,
ჰოი დილა ვა დილა,
ჰოი დილა ვა დილა;
რა ბიჭი გაზრდილა?!
რა გოგო გაზრდილა?!
ჰოი დილა ვა დილა!

და კი არ  დასტირის დასერილ მტკივან სულს –
ამაყად გაჰკივის ქართველი კრიმანჭულს.


*******************************************************************************************************************************************************************


ბებრის სიმღერა


ადრიანად გამითენდა, ადრიანად დაბინდა,
მერე ბნელში დავეძებდი არიადნას ძაფის ნასკვს.
უფრო ადრე გამითოვდა, ადრიანად დამიდნა,
ვერ გავიგე  რა მინდოდა, ვერ მოვესწარ  რა მინდა.
ხან ვმღეროდი თავო ჩემოს, ხანაც რამდი–დარი–დას,
რა მდიდარი  რომ მეგონა, რა ღარიბი დამირჩა,
დამირჩინეს  საღიღინოდ, სასიმღეროდ რა მრჯიდა,
მსჯიდა, ჰოი, რა მეგონა, ხლართებს შუა  გამჩრიდა,
გამიჭირდა, შენ გაუგებ? ვერც მე მივხვდი  რა მჭირდა,
ჭრიდა  ადრე ძველი ხერხი, განა ახლაც  გაჭრიდა,
ადრე მაჭრად  არა ვთვლიდი, ახლა უკვე  დაღვინდა
და ვღიღინებ,  თუ კი ადრე ვიმღეროდი  რამდი–დას.
და თუ ადრე არ ვიცოდი, უნდა მივხვდე, რა მინდა,
თორემ, რაც კი გამითენდა, აგერ, ა, და დაბინდა...
ჩქარა, იქნებ გადავაწყდე არიადნას  ძაფის ნასკვს!


********************************************************************************************


მიწა

ვნებააშლილი დედაკაცივით ელოდება ახალ ორგიებს,
არც ახალბედას სულმოკლეობით
ლტოლვა არგია,
დაელოდება წლობით, თვეობით,
ახლაც ასეა,
ვნებააშლილი დედაკაცივით ელოდება ახალ ორგიებს.

დაუღალავი, გაუმკლავდება ერთდროულად ათას პარტნიორს,
ათასგზის საშოს გადიხსნის ღრმულებს,
რომ დაიტიოს,
მეტოქეობა ამ ვნებააშლილს
ვინ გაუწიოს,
დაუღალავი, გაუმკლავდება ერთდროულად ათას პარტნიორს.

დაიფარება მისი სხეული სტანდარტული წამონაზრდებით,
იკივლებს შობის იდუმალ ტანჯვით
ვნებანარევი
და ასჯერ ქმნილის ათიათასჯერ
არდაზარებით
დაიფარება მისი სხეული სტანდარტული წამონაზრდებით.



      
***********************************************************************************************************


                                 წარწერა  წიგნზე  „შელოცვა რადიოთი“  

დიპლიპიტოს გულს უწყალებს ბენსაიდი,
ვნებით გათრობს ინდოელი ქალი,
თუ სიონთან ცრემლიანი არ ჩაივლი 
ყველაფერი ტყუილია ელი.
იქ, სიგარით გაჭვარტლული ყავახანა
ევროპიელ ლამაზმანებს ელის,
შენს ნეკსაც კი შეედრება ვინმე განა,
შენ თბილისი გელოდება ელი.
ელადელთა აფროდიტეს შეედრები,
მილოსელსაც გამჯობინებ, ელი,
შენს მანდილს ნუ გაახუნებ, გევედრები,
ხმალაწვდილი შერიგებას ველი.
ცხრა მთასა და ცხრა ცას იქით გადავივლი
შენს ძებნაში გაფრინდება წლები,
თუ სიონთან ცრემლიანი არ ჩაივლი,
ყველაფერი ტყუილია ელი.
ღვთისმშობელი ხახულისა შეგაჩვენებს,
არ დაგინდობს ბენსაიდის გველი,
ქაშუეთის ზარები არ მოგასვენებს,
საქართველოს დაუბრუნდი ელი...
შენს ნეკსაც კი შეედრება ვინმე განა,
შენ თბილისი გელოდება ელი,
იქ, სიგარით გაჭვარტლული ყავახანა
ევროპიელ ლამაზმანებს ელის.
1993. 17 იანვარი


*****************************************************************************************************************************


                                   ***     
არ ვიცი, ცხადი არის,
თუ სიზმარია ისევ,
ჩუმი შრიალი ქარის
მე ახლა სხვაგან მიწვევს.
ვგმობ აღსარებად ნათქვამს,
ვისთან ვიმართლო თავი?
მე თვითონ მივალ მთასთან
ჩემს წილ ეკლების გავლით.
ვაგროვებ მადლს და ცოდვებს,
უარით ვისტუმრებ ჩივილს,
ვტენი გონებას, როგორც
მოლა თრიაქით ჩილიმს.
ამოიბურცა აზრი
ვით ბედაურის ნალი,
ვგრძნობ უსაშველო ტკივილს,
ტკივილს ფეხმძიმე ქალის.
ვით დედა ჩვილის ტირილს
და მხვნელი ჯეჯილს ელის,
უდიდეს სიბრძნეს ველი
და გიგანტებთან ჭიდილს.
1997. 16 თებერვალი
   










მილიონი წლის ემბრიონის
ქუთუთოს ფარდებს
აურეკლავს თეთრი ნათელი
უუდიდესი იმ პირველი აფეთქების,
ანტისხეულთა უმცირესი ნაწილაკების –
კადრებს ტიტრებად გაჰყოლია –
„იქმენ ნათელი“.
და თავად ტკბება ახალბედა რეჟისორი
თავის ქმნილებით.
მარჯვედ იყენებს სინათლის ეფექტს
მნათობების უჩვეულო კომპოზიციით –
შავ–თეთრ კინოს უმდიდრესით აზავებს სპექტრით...
მერე საკუთარ სულში თავისსავე ორეულს ძერწავს:
ქუთუთოს ფარდებს საზეიმოდ ჩამოხსნის სცენას...
და ბნელ დარბაზში, სულ ბოლო რიგში,
გულმოდგინედ  ღეჭავს პოპკორნს ქალ–ვაჟი .

მილიონი წლის ემბრიონი
ახლაც იმ ნათელს
ქუთუთოების ფარდებში ვხედავ.